BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კობა გვენეტაძე: „ტურიზმიდან საქართველომ დაახლოებით $3 მლრდ ვერ მიიღო“

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ბაზრისთვის სავალუტო რეზერვების მიწოდების კუთხით 2021 წელსაც აქტიური იქნება, თუმცა რა ინტენსივობით, კობა გვენეტაძე ამბობს, ამის თქმა რთულია.
 
სებ-ის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ მედიის კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში ტურიზმის გაჩერებამ ქვეყანის შემოსავალი 3 მლრდ დოლარით შეამცირა, რაც ძალიან დიდი ფულია და ამიტომ სებ-ი 2020 წელს სავალუტო ინტერვენციებს აქტიურად ახორციელებდა.
 
„პანდემიის გამო საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზიანდა, რამდენადაც პანდემიასთან გამკლავება მობილობის შემცირებას მოითხოვს და ტურიზმი აქტიური მობილობის გარეშე არ არსებობს. რამდენიმე კვლევის მიხედვით ის ქვეყნები, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურიზმზე, მათთვის ეკონომიკის აღდგენა შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაშია მოსალოდნელი. 2020 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ უცხოელი ტურისტები და ამიტომ შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მლრდ დოლარი ვერ მიიღო, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დიდი თანხაა.
 
2020 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი ბაზარს განუწყვეტლივ აწვდიდა სავალუტო რესურსს. 916 მლნ დოლარი გავიტანოთ ბაზარზე და ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, როდესაც ვაფასებდით 2020 წელს განვითარების მიხედვით, 2021 წელსაც ბაზარზე აქტიურად დარჩენა მოგვიწევდა. რაც ასეც ხდება - იანვარში 80 მლნ დოლარი მივაწოდეთ ბაზარს, მაგრამ შეუძლებელი ზუსტად განვსაზღვროთ რამდენი და რა ინტენსივობით იქნება ეს. რა თქმა უნდა ჩვენ აქტიური ვრჩებით ბაზარზე და ჩვენი აქტივობა დამოკიდებული იქნება საგარეო სექტორის დინამიკაზე, მოლოდინებსა და ტენდენციებზე, რომელსაც დავინახავთ და ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე. მიუხედავად ამისა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე კონკრეტული ნიშნული გაცვლით კურსთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც მონაწილეობას იღებს ბაზარზე. ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მცურავი კურსის პოლიტიკას, რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობა აუცილებელია შოკებთან გამკლავებისთვის“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებისთვის საკმარისი რესურსი აქვს.
 
„ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ბაზარის გამართულად მუშაობის გაგრძელებას ხელი შევუწყოთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვყიდულობდით ვალუტას, რისთვისაც საკმაოდ ბევრ გაუმართლებელ კრიტიკას იმსახურებდა ეროვნული ბანკი. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ მაშინ ვავსებდით რესურსებს და ამავე დროს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანამ მიიღო რესურსები, რომელიც ილექება ეროვნული ბანკის რეზერვებში და აქედან გამომდინარე, გვაქვს საშუალება, რომ გავაგრძელოთ ინტერვენციები ისე, რომ საგრძნობლად არ შემცირდეს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები. თუ ეს რეზერვები ძალიან შემცირდა, ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის რისკ პრემიის გაზრდაზე, რაც ცუდია ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქვეყნის რეიტინგისთვის. ეს გააძვირებს კაპიტალის შემოსვლის ფასს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის გაჯანსაღებას“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.
348