BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აშშ-ის საელჩოს განცხადება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

აშშ-ის საელჩო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს.
 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამარტლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შეწყვეტის შესახებ.
 
"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.
 
სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია განცხადებაში.
353