BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საქართველო შემოიტანს რამდენიმე ვაქცინას და არჩევა იქნება ნებაყოფლობითი“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ხვალ - ზეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის შემუშავება დასრულდება".
 
როგორც გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფენრენციაზე განაცხადა, ქვეყანა მუშაობს როგორც კოვაქს-პლატფორმასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებთან, ბილატერალური ხელშეკრულებების გზით, ვაქცინების მისაღებად.
 
ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე იდენტიფიცირებული არიან რისკ-ჯგუფები, რომლებიც, პირველ რიგში აიცრებიან, ესენი არიან ექიმები და მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირები, ასევე, 75 წლის ასაკის ზემოთ მყოფი პირები, ქრონიკული ავაფმყოფები და ა.შ.
 
„ჯანმოს ხელმძღვანელებს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა სამინისტროც ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს ქვეყანაში. მსოფლიოში ვაქცინაცია მიმდინარეობს 4 ვაქცინით, ესენია "ფაიზერი", "მოდერნა“, ჩინური და რუსული წარმოების ვაქცინები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
 
გარდა ამისა, სავარაუდოდ, საქართველო შემოიტანს რამდენიმე ვაქცინას და არჩევა იქნება ნებაყოფლობითი. 
 
"სხვა მოლაპარაკებებთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინეთთან, რომელსაც ჯანმოსთვის ორი ვაქცინა აქვს წარდგენილი. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, სამი ვაქცინის მიღება უკვე შეგვიძლია, თუმცა გარკვეული პირობებით - -80 გრადუსის ცივი ჯაჭვი სჭირდება "ფაიზერის" ვაქცინას და შეგვიძლია, 300 ათასი დოზის მიღება-დასაწყობება ერთდროულად, "მოდერნას" ვაქცინას სჭირდება -20 გრადუსი და მუნიციპალიტეტების დონეზე შეგვიძლია მივიღოთ, ხოლო რაც შეეხება "ასტრაზენეკას" ვაქცინას, მას -2-7 გრადუსიანი ცივი ჯაჭვი სჭირდება და ეს ჩვეულებრივი ტემპერატურაა, მას განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა არ სჭირდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
916