BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს დღეს განიხილავენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის, საბოლოოდ კორექტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება კი, 29 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე იგეგმება.
 
მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.
 
სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 2 460.7 მლნ ლარით იზრდება და 18 384.5 მლნ ლარს შეადგენს (წინა წარდგენებთან შედარებით, ასიგნებების მოცულობა 1 313.1 მლნ ლარით იზრდება).
 
ჯამში ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 221.9 მლნ ლარით იზრდება და 12 778.3 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის 890 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
 
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.
 
სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში მხოლოდ ხარჯვით ნაწილში 892.0 მლნ ლარამდე გათვლისწინებულია 2021 წელს COVID-19-თან დაკავშირებული ანტიკრიზისული ღონისძიებებისათვის (ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათის გათვალისწინებით შემოსავლების ნაწილში დანაკლისი შეადგენს 300.0 მლნ ლარამდე).
 
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ჯამურად ითვალისწინებს 1 420.0 მლნ ლარს, მათ შორის 2020 წელს 280 მლნ ლარი, ხოლო 2021 წელს 1 140 მლნ ლარს. კერძოდ,
 
• ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450,0 მლნ ლარი, მათ შორის 400,0 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, ხოლო 50,0 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში. ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები
 
• მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540,0 მლნ ლარამდე, საიდანაც 230,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის) ხოლო 310,0 მლნ ლარამდე 2021 წელს, მათ შორის:
 
o მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60.0 მლნ ლარი, 200,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს;
 
o 65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55,0 მლნ ლარამდე;
 
• სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი - 15,0 მლნ ლარამდე;
 
o შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 27.0 მლნ ლარი;
 
o 6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე - 150.0 მლნ ლარი;
 
o გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ. ამ მიზნით 2020 წელს მიიმართება დამატებით 30,0 მლნ ლარი.
 
• ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430,0 მლნ ლარს, მათ შორის:
 
o საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 260,0 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220,0 მლნ ლარის ოდენობით;
 
o ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი - 45,0 მლნ ლარი;
 
o სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35,0 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი);
 
o მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35,0 მლნ ლარი;
 
o საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50,0 მლნ ლარი;
 
გარდა ამისა, მთავრობის ინფორმაციით, გაგრძელდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რაც ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჯამში მოსალოდნელია, რომ დაბრუნდება 1,0 მილიარდ ლარზე მეტი.
1312