BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ“ - ნათია თურნავა

მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია, იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
 
როგორც თურნავამ აღნიშნა, შეზღუდვა დროებითია და თვითდასაქმებული ადამიანები შეზღუდვის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
 
“ეს თანხა საკმარისი არ არის. 300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ესაა დროებითი შეზღუდვა და ადამიანები შეძლებენ, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. სავაჭრო სექტორი იმდენად აქტიურად ითხოვს, მალე გაგვხსენით, რომ მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ. სანამ გვიწევს შეზღუდვები, ისარგებლებენ ამ 300 ლარით”,- განაცხადა თურნავამ.
 
ცნობისთვის, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.
493