BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნოემბერში წლიური ინფლაცია 3.8% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ნოემბრის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა. ინფლაციის ზრდაზე წლიურ ჭრილში ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია, რაც 6%-ს შეადგენს. ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ფასების ზრდა ასეთია:
 
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3 პროცენტი);
 
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 პროცენტით, რაც 0.71 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (12.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
 
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.2 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.6 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.7 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (10.4 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (10.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (7.4 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (6.2 პროცენტი);
 
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.64 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.7 პროცენტი).
261