BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მოლებთან სასაუბროდ მზად ვართ” - ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მოლებთან სასაუბროდ მზად არიან თუ საუბრის თემა ვირუსის გავრცელების მიზნით მოლების მიერ პრევენციული ზომების გატარებას შეეხება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სავაჭრო მოლების მოთხოვნას შეეხებოდა.
 
ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაწესებული შეზღდუვები კერძო სექტორთან კომუნიკაციის შემდეგ დაწესდა და სავაჭრო მოლების ხელმძღვანელებმა ამ გადაწყვეტილებების შესახებ იცოდნენ.
 
„ჩვენ ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია კერძო სექტორთან, აქედან გავალ თუ არა შეხვედრა მაქვს იმ სასტუმროებთან, ვინც განთავსებულია ზამთრის კურორტებზე, მათ მოვუსმენ და მოვიფიქრებთ, რითი შეიძლება დავეხმაროთ.
 
რაც შეეხება მოლებს, ჩვენ გავითვალისწინეთ მათი პრობლემები, რომელიც ასევე ეკონომიკის პრობლემაა და ვაძლევთ საშუალებას, წინასაახალწლოდ, 24 დეკემბრიდან მოყოლებული ივაჭრონ. ის სურათი, რაც ჩვენ შეზღუდვების დაწესებიდან ერთი დღით ადრე ვიხილეთ, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ უნდა მოიფიქრონ როგორ უნდა მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ფასდაკლების აქციამ და ეს აქტუალური იქნება 24 დეკემბრის შემდეგაც და უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ ამ პროცესების მართვა, რადგან ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს. ამ პრობლემამ იმის დემონსტრირება გააკეთა, თუ რატომ მიიჩნევა მსოფლიოში, რომ სწორედ მოლები, რესტორნები ადამიანების მობილობის შემქმნელი ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრია“, - განაცხადა თურნავამ.
 
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებს პროცესების მართვის საკითხებზე გაესაუბრებიან.  
 
"მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს ბიზნესის, მათ შორის მოლების მოთხოვნებს, მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა დავინახოთ რომ ისინი პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ პროცესს და ახერხებენ მის მართვას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე კი არა, არამედ გარეთ რიგების კუთხითაც. ამ კონტექსტში მათთან სასაუბროდ მზად ვართ “, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
206