BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება” - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზზე დაიგეგმება.
 
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პანდემიის და მისგან გამომდინარე არსებული შეზღუდვების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მომდევნო წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
 
მისივე განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის განახლებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოში 30 ნოემბრამდე შევა.
 
„2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა, 5%-ს ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ, რაც გამწვავებული პანდემიის ფონზეა მთელს მსოფლიოში. ვაქცინის შესახებ ყოველდღიურად ვრცელდება დამაიმედებელი ინფორმაცია, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იან ნიშნულს დაუბრუნდება, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი 4.3%-ის ფარგლებში დაიგეგმება, იმიტომ, რომ რაც შეიძლება ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ. ბიუჯეტის დეფიციტის პარამეტრი კვლავაც მაღალი შენარჩუნდება, იმიტომ, რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება ფისკალური სტიმულის შენარჩუნება და ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯები, ასევე იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის ხარჯებში რაც შეიძლება ბევრი შევა ვაქცინის ხარჯები და ეს ყველაზე ეფექტური ხარჯი იქნება, რაც მოკლე დროში გაგვიწევია. ჩვენ განახლებული და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ბიუჯეტს პარლამენტის წინაშე 30 ნოემბრამდე წარვადგენთ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.
218