BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

wizzair-ს და Ryanair-ს ჩვენი მხრიდან მწვანე შუქი აქვთ - თურნავა

არ მახსენდება შემთხვევა, როცა ჩვენ ავიაკომპანიამ ფრენების სიხშირის მატება ითხოვა და ჩვენ შევზღუდეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
 
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მთავრობას უკვე კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან, რომლებიც 1 ნოემბრიდან იწყებენ ფრენებს. თურნავა ასე პასუხობს: 
 
„რაც შეეხება კომპანიებთან წინასწარ კომუნიკაციას, ჩვენ ყველა მიმართულება ავსახეთ გადაწყვეტილებაში მას შემდეგ, რაც ჩვენთან შემოვიდა განაცხადები კომპანიებიდან. კონკრეტულ სიხშირეებზე შემოდგომშიც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როცა ჩვენ სიხშირეებში ვერ შევჯერდით ავიაკომპანიასთან, ან მეტი უნდოდეს ავიაკომპანიას და ჩვენ ვზღუდავდეთ მას. მობილობა შემცირებულია ევროპაშიც და კომპანიებისგან აღარ არის მაინცდამაინც დიდი ზეწოლა, რომ ბევრი სიხშირე მიეცეთ.
 
ვიცით, რომ „wizzair“ აქტიურად გეგმავს ქუთაისიდან დამატებული რეისებით სარგებლობას - ეს იქნება ვილნიუსი, კატოვიცე და ა.შ.
 
რაც შეეხება „Ryanair-ს“, ჩვენ მათი მოთხოვნის საფუძველზე დავუშვით თბილისი - მილანის მიმართულება, ეს არის ახალი მიმართულება.
 
ბოლო ინფორმაციით, მათ უნდათ, რომ ფრენების სიხშირე 70%-მდე შეამცირონ. თუმცა გაგვიხარდება, თუ მთლიანად აითვისებენ გეგმას, ჩვენი მხრიდან მწვანე შუქი მივეცით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
კითხვაზე, რა წესით შემოვლენ საქართველოში მგზავრები, დასჭირდებათ თუ არა PCR ტესტი, ან მოუწევს კარანტინის გავლა, თურნავა პასუხობს, რომ ქვეყნები ორმხრივ რეჟიმში განსაზღვრავენ თუ რა წესით მოხდება მიმოსვლა.
 
„საქართველოს მოქალაქეებს ხვალიდან შეეძლებათ შემოიტანონ PCR ტესტები და სავალდებულო კარანტინი აღარ მოუწევთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დავეხმარებით სასტუმროს უზრუნველყოფით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იქ ამას ორმხრივ რეჟიმში განვსაზღვრავთ. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა თურნავამ.
272