BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„112-ში ტემპერატურის დაფიქსირებისთანავე ნუ დარეკავს” - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას მიმართავს, 112-ში ტემპერატურის დაფიქსირებისთანავე ნუ დარეკავს, თუკი კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია.
 
როგორც იმნაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ამ დროს ვიღაცას მართლაც სჭირდება სასწრაფო და ზარი იყოს დაკავებული.
 
„ჩვენი მოსახლეობის შეგნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო დისტანციის დაცვასა და ნიღბის ტარებაში, არამედ თუ ტემპერატურა აგიწევს, არ დარეკო იმ წუთში 112-ში, თუ არ თვლი, რომ ნამდვილად კორონიანთან გქონდა კონტაქტი და თვითიზოლაციაში გადახვიდე. შესაძლოა, ამ დროს ვიღაცას მართლაც სჭირდება სასწრაფო და ის თქვენი ზარით არის დაკავებული. ეს უნდა ითქვას, რეალობაა“, - განაცხადა იმნაძემ.
 
მისივე თქმით, „კორონა კიდევ დიდი ხანი იქნება“.
 
„წერტილოვანი შეზღუდვები ყოველთვის იქნება საჭირო, ქვეყნის მთლიანი გაჩერება კორონავირუსთვის მართვისთვის შეუძლებელია. კორონა კიდევ დიდი ხანი იქნება და ჩვენ ვერ გავჩერდებით - ქვეყანამ უნდა იცხოვროს, უნდა ისწავლოს, ოღონდ ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი“, - განაცხადა იმნაძემ.
 
ამასთან, იმნაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი წამალი გამოიცადა, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორიც არის C ჰეპატატის დროს გამოყენებული მკურნალობის მეთოდები.
 
„საბედნიეროდ, 85%-ს პრაქტიკულად მკურნალობა არ დასჭირდება, უბრალოდ ისინი მაქსიმალურად უნდა იყვნენ იზოლაციაში. ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ გართულდეს, მთავარი არის, რომ დაახლოებით 15%, ვინც მძიმე იქნება, დახმარება და საავადმყოფოს საწოლები დასჭირდება, დროულად უნდა მიიღონ დახმარება. ასევე 2%, ვინც კრიტიკულად მძიმე იქნება და რეანიმაცია დასჭირდება, ამ ადამიანებმა დროულად უნდა მიიღონ დახმარება“, - განაცხადა იმნაძემ.
230