BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის პირველადი ვერსია მნიშვნელოვნად გადამუშავდება

"პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეფასებისას.
 
როგორც ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტის პირველადი ვერსია მომდევნო პერიოდში მნიშვნელოვნად გადამუშავდება.
 
„მთავრობამ მოიწონა და პარლამენტში წარადგინა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. რა თქმა უნდა, ეს არის პირველადი ვერსია და მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება. მოგეხსენებათ, Covid19-ის პანდემიის გამო, გაურკვევლობა, ჯერჯერობით, ძალიან ბევრია. თუმცა, ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთ. დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებს:
 
2020 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება -4.9%, თუმცა 2021 წელს უკვე დავუბრუნდებით 5%-იანი ზრდის ნიშნულს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლომდე 4%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს, იქნება 3%-იან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. 2021 წელს ჩვენ გვექნება 5,1% ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
 
როგორც მან განაცხადა, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს.
 
„ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
 
მისივე თქმით, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში, ჯერჯერობით, არ არის ასახული პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები.
384