BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“ - ლევან მეხუზლა

"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი" , - ამის შესახებ  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ლევან მეხუზლამ, თელავში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი საშუალოდ 10-14 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.  მაქსიმუმ 14 საათში ყველა  რიგში მდგომ მევენახეს ეძლევა მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა.
 
„მიუხედავად იმისა, რომ რთველის პიკური პერიოდია, მევენახეები ყურძენს აბარებენ. ღვინის საწარმოებთან არის დატვირთული მანქანების რიგები, რაც შარშან და შარშანწინაც იყო, მაგრამ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩენილა. ყველა საწარმოს აქვს განსაზღვრული გამტარუნარიანობა, რომელზე მეტსაც ის უბრალოდ ვეღარ გადაამუშავებს ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, წელს ამ ყველაფერს განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა გასაგები მიზეზების გამო. რთველის საკოორდინაციო შტაბი ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს ე.წ. კვოტას, რისი გადამუშავების შესაძლებლობაც აქვს საწარმოებს. ვთხოვთ მოსახლეობას, რომ კიდევ უფრო მეტად დაიცვან ეს პრინციპი და გაითვალისწინონ სოფლის რწმუნებულების მითითებები“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
 
რაც შეეხება ერთ-ერთ საწარმოს კაჭრეთში, სადაც დღეს დაფიქსირდა მანქანების ნაკადი,  ლევან მეხუზლას განცხადებით, საწარმო 2 დღის განმავლობაში ძალიან დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. შტაბთან კომუნიკაციის შემდეგ, გადავიდა 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე.
 
კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს, გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი:   123 ათასი ტონა რქაწითელი,  39 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
382