BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კახეთში, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 172 მლნ ლარი მიიღეს

კახეთში, „რთველი 2020“-ის ფარგლებში ყურძენი ღვინის საწარმოებს დღეის მდგომარეობით 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს.
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის "ღვინის ეროვნული სააგენტოდან" აცნობეს, 25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია  170 ათასი ტონა ყურძენი:   123 ათასი ტონა რქაწითელი,  39 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. 
 
მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
 
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან,  შესყიდულ 1 კგ ყურძენში  ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.
 
„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი  განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501 შეუძლია.
389